რუსეთის SWIFT-იდან გათიშვისთვის ტექნიკური მზადება დაწყებულია

რუსეთის SWIFT-იდან გათიშვისთვის ტექნიკური მზადება დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ავრცელებს. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით ამასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა თუმცა, ტექნიკური მზადება ამ სანქციის გატარებისთვის დაწყებულია.

“ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, თუმცა გადაწყვეტილებისთვის ტექნიკური მომზადება და ამ სანქციის გატარებისთვის მზადება დაწყებულია. კბილებით გამოვგლიჯეთ. მუშაობდა უკრაინის დიპლომატიის მთელი ვერტიკალი, პრეზიდენტიდან უკრაინის საელჩოს ატაშემდე. ამ გამარჯვებას უკრაინელი დიპლომატები უკრაინის ყველა დამცველს უძღვნიან” – წერს კულება.

რუსეთის Swift-დან გათიშვა, ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზიანებს როგორც მყისიერად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. რუსეთი დაკარგავს საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობის უდიდეს ნაწილს, რაც აისახება ნავთობისა და გაზის წარმოებისგან მიღებულ სარგებელზეც, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 40%-ს შეადგენს.