“რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებისას კი ეშმაკი იმარჯვებს ” – ამის შესახებ, ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებისას კი, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმების და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ პოლიტიკურ კომპენსაციად მივიჩნევთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისა და ევროინტეგრაციის შენელების გამო.
თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების კურსი მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის”, საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დარღვევისა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით შევსების ფონზე. კრემლი თბილისისგან იღებს დათმობებს ისე, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მწუხარებაზე, რაც ქართველ ხალხს მიაყენა.
2008 წელს რუსული თვითმფრინავები უკვე გაფრინდნენ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად. ახლა გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას. რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით, მისი კეთილდღეობითა და განვითარებით. მოსკოვის მიზანია შექმნას პროგრესისთვის შეუძლებელი პირობები. ეს დადასტურდა ბელარუსის გამოცდილებით, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შთანთქა რუსეთის ფედერაციამ.
აგრესორთან დაახლოების პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარდაჭერას ვერ პოულობს ქართველი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილში, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია საჯაროდ, განსაკუთრებით საპროტესტო აქციებში.
ამ კონტექსტში, ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას და მხარდაჭერას ქართველების მიმართ მათ ლეგიტიმურ სურვილში, ააშენონ წარმატებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკის სინქრონიზება ევროკავშირის პოლიტიკასთან, ასევე, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც გამორიცხავს საქართველოს ევროპისკენ მოძრაობას.” – ნათქვამია განცხადებაში.