რუსეთმა დღეს დილით უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა – არიან დაშავებულები და დაღუპულები

რუსეთმა დღეს დილით უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევის და ხარკოვის ოლქების დაბომბვა ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის დაიწყო.

Ту-95МС–ების მიერ გაშვებულმა ფრთოსანმა რაკეტებმა დილის ექვს საათზე უკრაინის საზღვარი გადალახა და მანევრების შემდეგ კიევზე, ხარკოვზე და პავლოგრადზე დარტყმა განახორციელდა. გამოცხადდა საჰაერო განგაში. სოციალურ ქსელებში დაიწყო ინფორმაციის გავრცელება რაკეტების კურსის და მოსალოდნელი სამიზნეების შესახებ. ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. მალევე გამოჩნდა პირველი კადრები, რომლებიც სარაკეტო დაბომბვის შედეგებს ასახავს. დაშავდა ათობით ადამიანი. არიან დაღუპულებიც.

დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული ეს არის რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მეხუთე კომბინირებული შეტევა. ამჯერადაც რუსეთმა ერთდროულად გამოიყენა ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და საზენიტო მართვადი რაკეტები. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალჟნის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს 41 რაკეტა ისროლა, რომელთაგან 21 უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.

დილით უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად ქვეყანაში 5 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი კიევში. თუმცა, მოგვიანებით ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალი, რომელიც დაღუპულად ითვლებოდა, გადარჩა და საავადმყოფოშია.

კიევის მერის ინფორმაციით დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

კიევის სოლომენსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები სპორტკომპლექსის სახურავს და კოლეჯის სახელოსნოს დაეცა. კიევის აქიტექტურის და მშენებლობის კოლეჯის შენობა შიგნიდან მნიშვნელოვნად დაზიანდა. კოლეჯის დირექტორის თქმით ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ქუჩაში მან ბევრი სისხლი და დაჭრილი მამაკაცი დაინახა.

კიევის სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები კერძო სახლს დაეცა და ხანძარი გააჩინა. მეზობელ სახლებში ჩაიმსხვრა შუშები, დაზიანდა პარკირებული მანქანები. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ.

კიევის დარიცინის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები მრავალსართულიან სახლს და საბავშვო ბაღის ტერიტორიას დაეცა. პეჩერსკის რაიონში კი ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას.

რუსულმა არხებმა გაავრცელეს კიევის თავზე მფრინავი რუსული რაკეტის კადრები, რომელიც სითბურ ხაფანგებს იგერიებს.

უფრო მნიშვნელოვნად დაზიანდა ხარკოვის საცხოვრებელი უბნები. ხარკოვის დაბომბვის შედეგად ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლი. ფანჯრები ჩაიმსხვრა ათასამდე ბინაში. პოლიცია და მაშველები დაჭრილებს ეხმარებოდნენ და დანგრეული სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. გარდაიცვალა სამი ადამიანი – ორი ქალი და ერთი მამაკაცი. მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა.

ხარკოვი გვიან ღამითაც დაიბომბა, დილით კი სარაკეტო შეტევის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. ხარკოვში რუსების საჰაერო შეტევის შედეგად გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა. არიან დაჭრილები. მათ შორის ბავშვები.

ერთი ადამიანი – 43 წლის ქალი დაიღუპა პავლოგრადში, დნეპროპეტროვსკის ოლქში მაშინ, როცა სამსახურში მიდიოდა და ქალაქის ერთ–ერთ სკვერში გაიარა. დაშავდა ერთი მამაკაცი. სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა რვა მრავალსართულიანი სახლი და ერთი სკოლა.

რუსეთსი თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯგუფური შეტევა “მაღალი სიზუსტის შორეული მანძილის იარაღით “ უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე განახორციელა და თითქოსდა შეტევის მიზანი მიღწეულია. კრელის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ კიევის და ხარკოვის დაბომბვა არ შეიძლება ჩაითვალოს საპასუხო დარტყმად დონეცკის ბაზარზე განხორციელებულ შეტევაზე, სადაც კვირას 27 ადამიანი დაიღუპა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ასევე პესკოვი კვლავ ამტკიცებენ, რომ რუსი სამხედროები არ ახორციელებენ დარტყმებს სოციალურ ობიექტებზე, საცხოვრებელ კვარტლებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე, თუმცა ამ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება დღევანდელი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგებს ასახავენ.