რუსეთმა რატი ბურდულის [ოდინიჩის] წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რატი ბურდულის იგივე “ოდინიჩის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ბურდული კურსკის ოლქის მაცხოვრებლების წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილეობდა.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტმა ქართველი დაქირავებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა“, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

რუსული უწყების ცნობით, რატი ბურდული ეჭვმიტანილია არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში, ტერორისტული აქტის ჩადენაში, ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობის გამოყენებაში. რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში, ქონების განზრახ განადგურებასა და დაზიანებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბურდული ამჟამად პირადად მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც დაქირავებული მებრძოლი.

რატი ბურდული, რუსეთ-უკრაინის ომში უკვე მეორე წელია აქტიურად მონაწილეობს.