რუსეთმა სომხეთს „არამეგობრული“ ქმედებებისთვის „მკაცრი“ პროტესტი” გაუგზავნა

კრემლმა სომხეთი „არამეგობრულ ნაბიჯებში“ დაადანაშაულა. ამ ქვეყნის ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი 8 სექტემბერს  საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და „მკაცრი  პოზიცია გააცნეს“, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„ბოლო დღეებში სომხეთის ხელმძღვანელობამ გადადგა არამეგობრული ნაბიჯების სერია, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიკაციის პროცესის დაწყება, პრემიერ მინისტრის მეუღლის ა.ვ. აკოფიანის  ვიზიტი კიევში. კიევის ნაცისტური რეჟიმისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა და სომხეთის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების მონაწილეობით სამხედრო წვრთნების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სომხეთრისა და აშშ–ს ერთობლივი წვრთნები   11-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება და ითვალისწინებს “დაპირისპირებულ მხარეებს შორის სტაბილიზაციის ამოცანების განხორციელებას სამშვიდობო მისიის დროს”.

კრემლმა უკვე განაცხადა, რომ მსგავსი წვრთნები შექმნილი ვითარების ფონზე „მათ დაძაბულ ყურადღებას იწვევს“. მანამდე სომხეთმა გაიწვია თავისი მუდმივი წარმომადგენელი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან (ОДКБ), სომხეთის  ხელისუფლებამ კი გააკრიტიკა რუსეთის ფედერაცია მისი უმოქმედობისა და დახმარების შესახებ ერევნის თხოვნაზე რეაგირების არქონის გამო.

სომხეთში 1995 წლიდან დისლოცირებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა.