რუსეთს,საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება იგეგმება.
რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS–ის ინფორმაციით თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის ბორანი მთელი წლის განმავლობაში იმოძრავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ განუცხადა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს შეხვედრის შემდეგ.ბორანი 300 მგზავრზე იქნება გათვლილი.
„ჩვენ ვისაუბრეთ თურქეთი-საქართველო-რუსეთის საბორნე მომსახურებაზე საზღვაო სფეროში. ახლა 150 მანქანაზე და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს პრობლემას ვერ გადაჭრის (ლოგისტიკა საქართველოსთან – TASS-ის შენიშვნა), მაგრამ ეს მაინც დამატებითი საშუალებაა.“, – თქვა პადალკომ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი. თუ მოვახერხეთ სარკინიგზო კავშირის აღორძინება, ის გაივლის – ახალი მარშრუტებით, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს ან აღვადგენთ ძველ მარშრუტს აფხაზეთის გავლით, რაც გარღვევის მომენტი იქნება“, – განაცხადა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიმართვა გაეგზავნა ავიაკომპანიებს რუსეთ–საქართველოს შორის ავიაბილეთების ფასების შემცირების სურვილით.
18-19 სექტემბერს, რუსულ –ქართული ბიზნესსაბჭოს გასვლითი სხდომა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში გაიმართა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ პადალკო, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი, რუსეთის ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე, და სხვადასხვა ბიზნესმენები.
ჩრდილოეთ ოსეთში გამგზავრებამდე ცეცხლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიზიტი „მოიტანს ისტორიულ შედეგს ჩვენი ქვეყნებისთვის და ჩვენი ხალხებისთვის“.
საბჭოს სხდომის მთავარი მიზნები და ამოცანები რუსეთსა და საქართველოს შორის ლოგისტიკის ყველა პრობლემისა და პერსპექტივის შესწავლა, ასევე მათი გადაჭრის გზების ძიებ იყო.
სხდომაზე დააყენეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის წინადადება.
მანამდე რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს დელეგაცია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სტუმრობდა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტს.
მიმდინარე წლის აგვისტოში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა, რომ მოსკოვი „სავსებით მიღწევადად“ მიიჩნევს საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.