რუსეთში ბელგოროდის ხელისუფლება იწყებს მოსახლეობის ევაკუაციას კიდევ ერთი სასაზღვრო რაიონიდან

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ორშაბათს დილით სასაზღვრო  რაიონის –კრასნოიარუჟსკის მოსახლეობის ევაკუაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

”საგანგაშო დილაა. მტრის აქტივობაა კრასნოიარუჟსკის ოლქის საზღვარზე. ჩვენ ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონის მაცხოვრებლების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას.დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გაუმკლავდნენ წარმოშობილ საფრთხეს “, – განაცხადა გლადკოვმა ტელეგრამ არხზე ვიდეომიმართვაში და დასძინა, რომ ტრანსპორტი ამ მხარეში უკვე გაგზავნილია.

რუსი სამხედრო ბლოგერები იუწყებიან კვირას კრასნოიარუჟსკის რაიონის სასაზღვრო სოფელ კოლოტილოვკაზე უკრაინული შენაერთის თავდასხმის შესახებ.

გლადკოვმა სოფლის მცხოვრებლებს სამი დღის წინ წასვლისკენ მოუწოდა.

კრასნოიარუჟსკის ოლქი ბელგოროდის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.  რეგიონალური ცენტრიდან, კრასნაია იარუგადან, კურსკის ოლქის სუჯამდე, სადაც უკრაინული დანაყოფები6 აგვისტოს  შევიდნენ – დაახლოებით 45 კილომეტრია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის დაწყებამდე სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსულ კოლტილოვკასა და უკრაინულ პოკროვკას შორის ერთადერთი მოქმედი საგუშაგო იყო რუსეთ-უკრაინის საზღვარზე.