რუსი ჯარისკაცი ცოლს უყვება, რომ რუსეთი საკუთარ ქალაქებს თავად ბომბავს

“ესენი ჩვენები არიან..” – რუსი ოკუპანტი მეუღლესთან, სატელეფონო საუბარში აღიარებს, რომ რუსები საკუთარ ქალაქებსა და ჯარებს თავად  ბომბავენ. ამის შესახებ ინფორმაციას, Focus-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი სამხედრო სატელეფონო საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ ამას რუსეთი უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით აკეთებს.

უწყება აცხადებს, რომ ოკუპანტების ბოლო დროინდელი საუბრები ადასტურებს, რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციებს ბრაიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოს დაბომბვით, რათა შემდეგ  უკრაინა დაადანაშაულოს.

„იგივე სისულელე მოხდა ჩეჩნეთის ომში. მოსკოვში ბინები ააფეთქეს, თითქოს ტერორისტები იყვნენ. სინამდვილეში, ეს  FSB ოფიცრებმა ჩაიდინეს. უბრალოდ, ახლა მათ კლიმოვომდე ასეთი მანძილიდან სროლა არ შეეძლოთ“, – ამბობს რუსი სამხედრო სატელეფონო საუბარში.

რუსი სამხედრო ცოლს ასევე ეუბნება, რომ მომხდარის შემდეგ აღარ სურს ომში უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა.

Focus- ი წერს, რომ, 14 აპრილს ბრაიანსკის ოლქის კლიმოვსკის რაიონის ერთიან სამორიგეო სადისპეტჩერო სამსახურმა განაცხადა, რომ მათ ტერიტორიაზე 2 ჭურვი ჩამოვარდა. რუსული მედია აცხადებს, რომ  დაბომბვის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული და ერთი ბავშვი. ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში საცხოვრებელ შენობებს ცეცხლი გაუხსნეს. ასევე, 13 აპრილს რუსეთმა უკრაინა კურსკის რეგიონში სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაბომბვაში დაადანაშაულა.