სააკაშვილი ასახელებს 5 მოთხოვნას, რა შემთხვევაშიც ვივამედის კლინიკაში გადავა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასახელებს 5 მოთხოვნას, რა შემთხვევაშიც ”ვივამედის” კლინიკაში გადავა. შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

“საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს,

ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა “ვივა მედში” გადასვლაზე გამოკვლევებისთვის,

გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:

1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიადან”, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;

2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;

3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი “ემპათიის” ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით;

4. როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე “ვივა მედში”;

5. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით”, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

ცნობისთვის

ცნობისთვის, დღეს 10 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში გაეწვევა მკურნალობა.