„საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღვანდელი მონაცემებით, „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, „დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ“.

„სერიოზული მიკრო-აფეთქება გვქონდა „საბურთალოს კლასტერში“, რომელიც ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს უკავშირდება, რომლისგანაც ეს ინფექცია გავრცელდა. დღვანდელი რიცხვით ამ კლასტერში 23 ადამიანია ინფიცირებული. ჩვენ უკვე 103 კონტაქტი გამოვიკვლიეთ, 42 კარანტინშია გადაყვანილი და დანარჩენები ე.წ. შიდა კარანტინში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ. თუ ჩვენ შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის პირობებში არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც სახელმწიფო იძლევა, მაშინ ამ ტიპის აფეთქებები შეიძლება გვქონდეს. ეს შემთხვევები, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში გვქონდა, საშიში არ არის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ყველა შემთხვევის წარმომავლობაა ვიცით და მართვადია. საწოლების საკმარისი რაოდენობაა ქვეყანაში, საკმარისად მომზადებული სამედიცინო პერსონალი გვყავს და ეს ყველაფერი მართვადია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.