„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მისი პარტია მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად არის საჭირო, მაგრამ არსებული ფორმით და აბსურდული შეზღუდვებით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.
მისი თქმით, მთავრობამ ეკონომიკური გეგმა უნდა შეიმუშავოს.
„ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავადაა საჭირო, მაგრამ ამ აბსურდული შეზღუდვებით, რისი მაგალითიცაა ცოლ-ქმრის დაჯარიმება ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის, მანქანით გადაადგილება და ბევრი სხვა რამე, ისევე, როგორც მკაფიო კრიტერიუმების გარეშე, სადაც შეუძლებელი იქნება ერთ სფეროში ერთი სუბიექტი დახურონ, მაგალითად „სუფთა სახლი“ და სხვებმა იმუშავონ – ამ ტიპის აბსურდის გაუქმების გარეშე მხარს ვერ დავუჭერთ.
ასევე, ეკონომიკური გეგმის გარეშე, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადების შეჩერებას და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას და კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რაც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელ-ნელა, ვერ დავუჭერთ მხარს ასეთ რეჟიმს იმიტომ, რომ ეს არის საზიანო ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა დღეს იწურება.
მთავრობამ 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოიხსნება თუ არა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და სხვა შეზღუდვები.