,,ქართული ოცნების” წევრის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საგანგებო რეჟიმის, კარანტინის, თვითიზოლაციის დამრღვებებისთვის არანაირი ამნისტიის გამოცემის საკითხი არ განიხილება.
მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ ამ ადამიანებს პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ, უპასუხისმგებლობაა, რადგან ისინი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.
„თუკი ვინმე არ დაიცავს წესს, თუკი ვინმე არის ინფიცირებული ან ჰქონდა შეხება ინფიცირებულთან და წესს არ იცავს, არ აცნობებს ამის შესახებ შესაბამის ორგანოს, არ ახდენს თვითიზოლაციას, ეს ზრდის სხვა მოქალაქეების დაინფიცირების საშიშროებას. ამიტომ თუ ოპოზიცია იმას გვეუბნება, რომ რომ ჩვენ პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან, ეს მათი უპასუხიმსგებლო განცხადებაა. ჩვენი ვალდებულებაა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებიბისთვის, რომლებმაც დაარღვიეს საგანგებო ან საომარი რეჟიმი, ან კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო და საომარი რეჟმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პრეროგატივაა, მაგრამ არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება,“- განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის და თვითიზოლაციის დამრღვევებს შსს-მ 22 აპრილის მონაცემებით 15.7 მლნ-ს ჯარიმები გამოუწერა.
21 მარტის შემდეგ 22 აპრილამდე სულ დაჯარიმებულია 5 148 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი.
ფიზიკური პირები საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 3 ათასი ლარით ჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით.