საზმაუმ შენობის გასაყიდად აუქციონი სამჯერ გამოაცხადა, თუმცა ის არ გაიყიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კოსტავას 68 ნომერში მდებარე შენობა აუქციონზე სამჯერ გაიტანეს, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა.

მათი ინფორმაციით, პირველი აუქციონი 40 მილიონი დოლარის საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა.

განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მილიონ დოლარად გაიტანეს, თუმცა მყიდველი კვლავ არ გამოჩნდა.

უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32.4 მლნ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) მესამედ გავიდა აუქციონზე, თუმცა აქუციონი არც აჯერად შედგა.

“შემდგომ, დამძიმებული ეპიდვითარების და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების გამო, მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა აუქციონის პროცედურები”, – აცხადებს საზმაუ.

ამჟამად ტელევიზია აგრძელებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას. ქონება აუქციონზე 96 904 512 ლარის საწყისი ღირებულებით, აუქციონის მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით არის გატანილი.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობას იშენებს, რის გამოც ძველი შენობის გაყიდვა გადაწყდა.