საზოგადოებამ ეს სწორ გადაწყვეტილებად აღიქვა – მდინარაძე ანულირებაზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება საზოგადოებამ სამართლიან გადაწყვეტილებად აღიქვა.

“საზოგადოებამ ეს აღიქვა ისე, რომ ეს იყო სწორი, სამართლიანი და თამამი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის. მაშინ როდესაც ჩვენ გვიწევდა შეთანხმების პირობების ცალმხრივად შესრულება, ბევრ რეფორმაზე დღესაც არ ვამბობთ უარს და ბევრი რამ შევასრულეთ.

მაშინ, როდესაც შეთანხმების მიზანი პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება იყო, ჩვენ პირიქით ვნახეთ ეს ყველაფერი. ამ შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო მისი მთავრი არსი და მიზანი. მთავარი აქტორი მეორე მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ პირიქით აკეთებდა ყველაფერს, რომ არა თუ პოლარიზაცია შეემცირებინა, ხელიც კი არ მოეწერა ამ შეთანხმებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწვეტილება”,– თქვა მან იმედთან საუბრისას.

ცნობისთვის, ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას მწვავე კრიტიკა მოყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის მხრიდან.