საზოგადოება ალბათ, შოკირებულია თქვენი გამოსვლით – სამადაშვილი იუსტიციის მინისტრს

“საზოგადოება ალბათ, შოკირებულია თქვენი გამოსვლით”- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, რომელსაც დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„საუბრობდით იმაზე, რომ თურმე ციხის სისტემას განახლებული მეთოდებით მართავთ. არ ვიცოდი, რომ არაფორმალური კრიმინალური ქსელების მიერ ციხის ადმინისტრირება, რაც მუდმივად არის დაფიქსირებული საერთაშორისო შეფასებაში, ციხის მენეჯმენტის ინოვაციური მიდგომა იყო. მაგრამ ალბათ, პასუხებში გაგვანათლებთ და აგვიხსნით, როგორ არის კრიმინალების მიერ არაფორმალურად მართული ციხე, ინოვაცია ჩვენს რეალობაში.

რაც შეეხება სააკაშვილის საქმეს. მაქვს კონკრეტული კითხვები: პირველი – როდესაც ტრიბუნასთან გამობრძანდებით, მინდა წარმოადგინოთ წერილობითი თანხმობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს მის გადაყვანაზე გლდანის დაწესებულებაში. თუ ასეთი თანხმობა გაცემული არ აქვს და ასეთი საბუთი ვერ მოიპოვა ვერც საქართველოს სახალხო დამცველმა და ვერც უკრაინის სახალხო დამცველმა, მგონი, თავად გესმით, რასთან გვაქვს საქმე.

მეორე – ყველამ ვიხილეთ და სახალხო დამცველმა დეტალურად აღწერა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან. დღეს დადგენილია, რომ მას აქვს პოსტტრავმული სინდრომი. მაინტერესებს, რომ მოგვიყვეთ დეტალურად, რა მოხდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ვინ, როგორ და რანაირად განახორციელა ძალადობა.

მესამე – მაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება, რომ გასაჯაროვებულიყო მისი ფარული ჩანაწერები, რაც მისი ყველანაირი უფლების დარღვევაა. გაჟღერდა, რომ თურმე საქართველოს პრეზიდენტის პატიმრობის პირობებში ვინმე განსაკუთრებულ უფლებებს მოითხოვს. ცხადია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რომ პატიმრობაშია, ეს ქვეყნისთვის უზარმაზარი გამოწვევაა და ის არ უნდა იყოს საპატიმროში, მაგრამ სანამ თქვენს ხელშია, ვალდებული ხართ, მასზე იზრუნოთ როგორც იზრუნებდით სხვა ნებისმიერ პატიმარზე. ასე ზრუნავთ ამ ქვეყანაში პატიმრებზე, როგორც ეს ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში?“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.