სალომე ზურაბიშვილი 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშს შეუერთდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მსვლელობას შეუერთდება.ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენების მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

9 დეკემბერს, შაბათს მარში სახელწოდებით “შენი ხმა ევროკავშირს” რესპუბლიკის მოედნიდან 14 საათზე დაიწყება – მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან.