სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

სალომე ზურაბიშვილმა “საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ვეტო დაადო. პრეზიდენტმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ვეტო იურიდიულად გამართულია, თუმცა ის არ ემსახურება კანონის გაკეთილშობილებას.  “ეს კანონი უნდა გაუქმდეს”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ქართული ოცნება ბოლო კვირაა აცხადებს, რომ მზად არის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს და კანონში ცვლილებები შეიტანოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ არ აპირებს ოცნებას კანონის გაკეთილშობილბაში დაეხმაროს.

ახლა ოცნებას ორი არჩევანი აქვს: ან ვეტო დაძლიოს და ის კანონი აამოქმედოს, რომელსაც მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, დასავლეთის კრიტიკა და სანქციების მუქარა მოჰყვა, ან ვეტო არ დაძლიოს და კანონი ჩააგდოს.