სამინისტრო: დაიცავით წესები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება სკოლაში შეძლონ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას მიმართავს, ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები, “რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება, ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ”.

უწყების განცხადებით, გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება.

“კერძოდ, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,4%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება. ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ.

ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 98 პედაგოგი იმყოფება.
ამ ეტაპზეც ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ვურისის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები როგორც წესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ”,– წერია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი.

“ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ როგორც მოსწავლეები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები სკოლებში სრულად დაცულები იყვნენ. იმ სკოლებში კი, სადაც ვირუსი ფიქსირდება, სკოლები პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ და სკოლის ადმინისტრაციის მიერ მყისიერად ხდება შენობის სრული დეზინფექცია”,– აღნიშნავს სამინისტრო.