სადამკვირვებლო კოალიციის, ჩემი ხმის წევრი ორგანიზაციის, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ცნობით, საკუთარი ოფისის აივანზე ჩამოკიდებული ბანერის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 1 500 ლარით დააჯარიმა.
“დაგვაჯარიმეს 1500 ლარით და გვითხრეს, კიდევ მოვალთ და 3000 ლარით დაგაჯარიმებთო. გვედავებიან, რომ ეს არის უკანონო რეკლამა. შენობა მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში. მოგვიყენეს მუხლი, თითქოს გვაქვს განთავსებული უკანონო რეკლამა და ჩვენ ვუხსნიდით მათ, რომ ეს არის პროტესტი, ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს გაყალბებული არჩევნების მიმართ. ჩვენი ორგანიზაცია არის სადამკვირვებლო კოალიციის, ჩემი ხმის წევრი. უშუალოდ ჩვენმა კოალიციამ დადო გაყალბების უამრავი ფაქტი გაყალბების. შესაბამისად, ამას ვაპროტესტებთ, ჩვენ ვართ სამოქალაქო აქტივისტები და ჩვენივე ოფისის აივანზე ვაპროტესტებდით მოპარულ არჩევნებს. ეს არის თეთრ ნაჭერზე გაკეთებული წარწერა, რომელიც თოკებით არის მიბმული ჩვენს აივანზე და ამის გამო გვაჯარიმებს ზედამხედველობის სამსახური. გვიზღუდავენ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატვის უფლებას – ეს არის ქვეყნისთვის უკვე დიაგნოზი, ეს თუ “გაუვიდათ”, ყველა ორგანიზაციაში შევლენ და სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუზღუდავენ გამოხატვის უფლებას. ეს ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში, ეს ხომ ნორმალურ ქვეყნებში არ ხდება.
გვედავებიან, თითქოსდა განათავსეთ უკანონო რეკლამა. ვკითხე, შეგიძლიათ მითხრათ რას ვარეკლამებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხი ვერ ექნებოდათ. ბოლოსკენ, როცა გადიოდნენ, გვითხრეს, რომ კიდე მოვალთ და 3000 ლარით დაგაჯარიმებთო”. – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ოთარ რევიშვილმა.