ბელარუსში ტერაქტის მცდელობა სიკვდილით დაისჯება

მას შემდეგ, რაც პარტიზანებმა ბელარუსში რკინიგზის შეფერხება დაიწყეს რუსული არმიის გადაადგილების შესაჩერებლად, ბელარუსის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც ტერორიზმის მცდელობისთვის სიკვდილის დასჯას ითვალისწინებს. ინფორმაციას ბელარუსული სახელისუფლებო მედია Belta ავრცელებს.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ, სიკვილით შეიძლება დაისაჯონ პირები, ვინც ეცდებიან, განახორციელონ ტერორისტული თავდასხმა რადიოაქტიური ნივთიერებების ან ბირთვული მასალების, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით.

ასევე, სიკვდილით დასჯას ექვემდებარება “სახელმწიფოს ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობა თავის სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რათა გავლენა მოახდინონ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, მოსახლეობის დაშინებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დესტაბილიზაციაზე”.

გარდა ამისა, ბელარუსში სიკვდილით დასჯიან უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობისთვის, რომლის მიზანია საერთაშორისო გართულებების ან ომის პროვოცირება.

ბელარუსის რესპუბლიკის საბჭოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო აღმშენებლობის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “კანონპროექტის აქტუალურობა ეჭვგარეშეა”, რადგან ბოლო დროს ბელარუსის წინააღმდეგ არაერთი მცდელობა განხორციელდა ტერორისტული საფრთხის გასაზრდელად.

ქვედა პალატის სპიკერის მტკიცებით, “დესტრუქციული ძალები აგრძელებენ ტერორისტულ და ექსტრემისტულ აქტივობას ბელორუსში სიტუაციის შერყევის, საშინაო არასტაბილურობისა და კონფლიქტების პროვოცირების მიზნით”.

“არის ქმედებები სარკინიგზო აღჭურვილობისა და ლიანდაგების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გათიშვის მიზნით“, – თქვა ვლადიმერ ანდრეიჩენკომ.

ცნობისთვის ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ გამოიყენება.