უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ გუშინ პოლიციამ ამოცანას “ასე თუ ისე თავი გაართვა”.
მას ასევე მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის განცხადებას ძალადობის პროვოცირება არ გამოუწვევია.
“გუშინ, რაც ვიხილეთ, ისედაც ძალიან დრამატული და მძიმე სანახავი იყო და არ სჭირდება ამას დამატებით კიდევ რაღაც არასწორი შეფასებების დამატება, მათ შორის, ის, რომელიც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის განცხადების თაობაზე, რომ თითქოს ამან გაუკეთა პროვოცირება იმას, რაც ვიხილეთ ქუჩებში – ეს არ არის სწორი, ეს ცალსახად მცდარი მოსაზრებაა და შესაბამისად, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით.
გუშინ, თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენები კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის. ყველგან, სადაც ზედმეტი ესკალაცია თავიდან არიდებული იქნა და ა.შ. ყველგან ეს არის პოლიციელების დამსახურება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.