სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა – ბადრი ჯაფარიძე

პარტია “ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ  სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყევტილებას ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით გაასაჩივრებენ. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა ამ დროის განმავლობაში.

”ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის, რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა მუხლი, ფულის გათეთრების, მოახდინა გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ, ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში” –  განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).