სასამართლო თვითონ ქმნის ადამიანებს დამნაშავეებად..ეს საქმე ხელახლა უნდა იყოს გამოძიებული – შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვახტანგ ჩიქოვანი

ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატომრობაში რომ ვართ,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„იმედი მაქვს, სწრაფი და ეფექტიანი იქნება ეს პროცესები. [გურამ ამირხანაშვილის] 5-ჯერ შეცვლილი ჩვენება როგორ მიიღო სასამართლომ, ამას ვერ ვხვდები. სასამართლოს პატივი რაზე უნდა ვცეთ? ჩვენ არ გვცემენ პატივს, ჩვენ უფლებებს არღვევენ, სულ არ მინდა ადვოკატი მყავდეს, სამართლიანი სასამართლო ჩამიტარეთ და ევროკონვენციაზე რომ წამიკითხეთ, იმ სტანდარტებით გამასამართლეთ და არა იმით, რაც წინაზე გვაქვს ნანახი. ვერ ვხვდები, ჩვენ მიმართ რატომ არის სასამართლო ასეთი არასამართლიანი? მოწმე ამბობს არ გავუტაცებივართ, ჩემით ჩავჯექი მანქანაშიო და ჩვენ მაინც ციხეში ვართ. მერე პრეტენზია გაქვთ, უპატივცემულოდ რატომ იქცევითო. რითი დაიმსახურა მოსამართლემ ვინც გაგვასამართლა, ან პროკურომა ჩვენი პატივისცემა? ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ. ეს საქმე ხელახლა უნდა იყოს გამოძიებული, სულ არაა იურიდიული განათლება საჭირო, რომ ვერ მიხვდე, ამ საქმეში რა სისულელე ხდება. ერთი მოწმე არ გყავთ, ვინც ხელს დაგვადებს, რომ [გიორგი შაქარაშვილი] მოვკალით. ერთი მტკიცებულება მომიტანეთ? ვერ ვხვდები, 4 წელი რატომ ვიმყოფები ციხეში. ვერ ვხვდები ასეთი უსამართლოები რატომ უნდა იყოთ? ასე არ უნდა გექცეოდეს სასამართლო, სასამართლო თვითონ ქმნის ადამიანებს დამნაშავეებად, ასე ხალხს არ უნდა ექცეოდეთ. თქვენც, ბატონო მოსამართლევ, შესაძლოა, ჩემი ტოლი შვილიშვილები გყავდეთ და შეიძლება დაიჭირონ უსამართლოდ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მსჯავრდებული არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.

ამავე ეპიზოდზე „ქემრის“ 3 მგზავრი უკვე მსჯავრდებულია და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.