შსს-ს ცნობით, ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 16 პირია დაკავებული. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან, კვლავ დაძაბული ვითარებაა. დახშულია სიგნალიც რომლის გამოც პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა ტელევიზიებს არ ეძლევათ. სასტუმრო “ყვარელი ლეიქ რიზორტთან” გდდ-ის თანამშრომლები არიან მობილიზებული.როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე იტყობინება, პოლიცია ჟურნალისტებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევს.
ცნობისთვის, გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ყვარლის ტბაზე სასტუმროში, სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებს.მედიის ცნობით, იქ არიან ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო, თუმცა ”მთავარი არხის” ჟურნალისტის და სასტუმრო “ყვარლის ტბის” თანამშრომელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა რა დროსაც სასტუმროს თანამშრომელმა დაადასტურა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა ნამდვილად მათ სასტუმროში იმყოფება.
“მთავარი არხის” თანამშრომელმა დარეკა “ყვარელი რეზორტში”, თუმცა მათთვის არ უთქვამს, რომ ჟურნალისტი იყო, გაეცნო როგორც კურიერი და უთხრა, რომ ეკატერინა ლავროვასთვის ყვავილები მიჰქონდა. სწორედ ამ დროს დაადასტურა სასტუმროს ადმინისტრაციამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილის ყვარელი რეზორტში ყოფნა.