საფრანგეთი უკრაინას AMX-10RC–ის მოდელის მსუბუქ ტანკებს და “ბასტიონის“ ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინელი სამხედროები დასავლურ ტანკებს მიიღებენ.
უკრაინამ არაერთხელ სთხოვა დასავლელ პარტნიორებს მიეწოდებინათ მისთვის ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, რაც აუცილებელია შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად. ბოლო დრომდე მოკავშირეები უარს ამბობდნენ კიევის ამ თხოვნის შესრულებაზე – ზოგიერთი ექსპერტი წერდა, რომ ეს გამოწვეული იყო კონფლიქტის ესკალაციის შიშით, სხვები აღნიშნავდნენ, რომ ასეთ აღჭურვილობას საკმაოდ რთული ტექნიკური მხარდაჭერა და მოვლა სჭირდება.
რა არის ცნობილი იმ ჯავშანტექნიკის შესახებ, რომელსაც საფრანგეთი უკრაინას აძლევს:
AMX-10RC მაღალი მობილობის ბორბლიანი ჯავშანმანქანაა, რომელიც ოთხ ადამიანს იტევს.
მისი პირველი ეგზემპლარები საფრანგეთის არმიაში 1980 წელს შევიდა. 2010 წელს 256 AMX-10 RC –ის მოდერნიზება მოხდა და ის აღიჭურვა კომპიუტერული კომუნიკაციისა და ბრძოლის ველზე მონიტორინგის სისტემით, ასევე გაძლიერებული ჯავშნით. ჯერჯერობით უცნობია მანქანის რომელ ვერსიას მიიღებს უკრაინა.
მანქანა განკუთვნილია სადაზვერვო და საცეცხლე მხარდაჭერისთვის. საბურავების წნევის რეგულირების უნარის წყალობით, მას ცუდ რელიეფზე დაახლოებით იგივე გამტარიანობა აქვს, რაც მუხლუხოიან ტანკებს.
საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში ჯავშანმანქანის ეს მოდიფიკაცია კლასიფიცირდება როგორც მსუბუქი ტანკი.
საფრანგეთის არმიამ AMX-10RC სპარსეთის ყურის ომში და რამდენიმე სამშვიდობო ოპერაციის დროს გამოიყენა. მანქანების ექსპორტირება მოხდა მაროკოში და ყატარში.
AMX-10RC ასევე კლასიფიცირდება როგორც ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
გარდა ამისა, საფრანგეთი შეიარაღებული ძალები უკრაინას ბასტიონის ჯავშანტრანსპორტიორებს ჰპირდება (თუმცა ჯერჯერობით, La Tribune-ის მიხედვით, მხოლოდ 20 ერთეულს). ეს არის კომპანია Acmat-ის მიერ წარმოებული საბრძოლო ჯავშანტექნიკა.
“ბასტიონი”ძირითადად აფრიკაში მოქმედი ფრანგული სპეცრაზმისთვის შეიქმნა.
ჯავშანტექნიკის ძირითადი ვერსია განკუთვნილია ხუთი სპეცრაზმის ჯარისკაცისთვის, მოდიფიკაცია გაზრდილი ტევადობით – 8 ადამიანისთვის.