საფრანგეთში ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილები დააკავეს . ერთი მათგანი ქვეყნის დატოვებას აპირებდა

საფრანგეთის ხელისუფლებამ დააკავა ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც გასულ კვირას ლუვრის გამბედავ ძარცვაში მონაწილეობდნენ. თავდაპირველად ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი პარიზის პროკურატურამაც დაადასტურა, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა ოფიციალურად არ დაუსახელებიათ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შაბათ საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს — ის თვითმფრინავში ჩაჯდომას და ქვეყნის დატოვებას აპირებდა. მეორე ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს პარიზის გარეუბანში.

გაზეთ Le Parisien-ის ინფორმაციით, ორივე მამაკაცი პარიზის მახლობლად მდებარე დეპარტამენტიდან — სენ-სენ-დენიდან არიან და ადრე უკვე მოხვედრილან პოლიციის ყურადღების ცენტრში.

მათი პირადობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. სააგენტო AFP–ის წყაროზე დაყრდნობით, ერთ-ერთ დაკავებულს აეროპორტში ალჟირისკენ გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი.

ლუვრის ძარცვა გასულ კვირას, დღისით მოხდა — მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი მუზეუმიდან 88 მილიონი ევროს (100 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების ისტორიული ფასეულობები მოიპარეს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აღიარა, რომ უსაფრთხოების პროტოკოლებმა „ვერ იმუშავა“, რამაც ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა. პარიზის პროკურორმა ლორა ბეკუამ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ გამოძიების შესახებ დეტალების დროზე ადრე  გახმაურებამ შესაძლოა გამოძიებას ავნოს.

„ლუვრის ძარცვიდან ერთ კვირაში ვადასტურებ, რომ შაბათს, 2025 წლის 25 ოქტომბრის საღამოს, განხორციელდა დაკავებები. ერთ-ერთი დაკავებული ემზადებოდა ქვეყნის დასატოვებლად“, — ნათქვამია ბეკუას განცხადებაში მედიის კითხვის პასუხად. განცხადებაში დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა კვლავ არ არის მითითებული.

„ძალიან ვნანობ, რომ ეს ინფორმაცია გამოძიების ინტერესების გათვალისწინების გარეშე გახდა საჯარო. ასეთი გაჟონვები მხოლოდ ავნებს იმ ასეულობით გამომძიებლის ძალისხმევას, რომლებიც მოპარულ სამკაულებსა და დანაშაულის ყველა მონაწილეს ეძებენ. დამატებითი დეტალების გახმაურება ჯერ ძალიან ადრეა. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ეჭვმიტანილების დაკითხვის დასრულების შემდეგ (რომელიც შეიძლება 96 საათამდე გაგრძელდეს)“, — დასძინა პროკურორმა.

ლუვრის ძარცვისას ოთხმა ნიღბიანმა დამნაშავემ კარიერის კიბე გამოიყენა, გაემართნენ მუზეუმის ფანჯრისკენ, მოჭრეს მინაც და  ჩარჩოც, შემდეგ კი შენობაში შეაღწიეს.

მათ გახსნეს მეტალის სეიფები ძვირფასეულობით,  შემდეგ კი სკუტერებით მიიმალნენ. მთელი ოპერაცია რვა წუთზე ნაკლებ დროში მოხდა.

ძარცვაში მონაწილეობდა ოთხი ნიღბიანი პირი, საიდანაც ორმა შიგნით შეაღწია. გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროფესიონალი კრიმინალები იყვნენ, რადგან ზუსტად იცოდნენ, რა ნივთების მოსაპარად მიდიოდნენ და მოქმედებდნენ კარგად დაგეგმილი გეგმით.

ოთხშაბათს პროკურორმა ბეკუამ RTL–თან განაცხადა, რომ მოპარული სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევროს შეადგენს (დაახლოებით 102 მილიონ დოლარს).

„ეს ფინანსური დანაკლისია, მაგრამ ბევრად უფრო მძიმეა ის ზიანი, რომელსაც ასეთი ქურდობა ისტორიულ მემკვიდრეობას აყენებს“, — აღნიშნა ბეკუამ.

მოპარულ ნივთებს შორის იყო ბრილიანტებით დამშვენებული სამკაულები, რომლებიც ორმა ნაპოლეონმა თავის ცოლებს აჩუქეს.

ექსპერტების აზრით, დიდი ალბათობით, მძარცველებმა სამკაულები უკვე ნაწილებად დაშალეს — ამოიღეს ბრილიანტები და გადაადნეს ძვირფასი ლითონები, რათა ბევრად უფრო დაბალ ფასად გაეყიდათ, როგორც უბრალო მასალა და  არა როგორც უნიკალური ისტორიული არტეფაქტები. ცნობილია, რომ გატაცებულია რვა ნივთი — დიადემები, ყელსაბამები, საყურეები და ბროსები — ყველა მათგანი XIX საუკუნეს მიეკუთვნება და ოდესღაც საფრანგეთის სამეფო და იმპერატორების ოჯახის საკუთრება იყო.

კიდევ ორი ნივთი — მათ შორის იმპერატრიცა ეუჟენის გვირგვინი — გატაცების ადგილთან ახლოს იპოვეს. როგორც ჩანს, მძარცველებს გაქცევის დროს დაუვარდათ.

მალევე საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ ძარცვის შემდეგ ლუვრში თავისუფლად გამოფენილი ნაწილის სამკაულები გადატანილ იქნა საფრანგეთის ბანკის მიწისქვეშა საცავებში.