საფრანგეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე სამი ქართველია დაკავებული

ახალგაზრდა ფრანგი ქალის, მაგალი ბლანდინის ცხედარი ტყეში იპოვნეს, მის ქმარს კი მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.  ქალი 11 თებერვალს უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.

მაგალი ბლანდენის, ოთხი შვილის დედის ქმარმა, 45 წლის ჯერომმა პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ცოლის მკვლელობა და ტყეში დამარხვა აღიარა და მისი ცხედრის დამარხვის ადგილი მიუთითა. მაგალი ბლანდენის ცხედარი პარასკევს ბუაზერვილის ტყეში, მონტობან–დე–ბრეტანის ოჯახური ფერმიდან 3 კილომეტრში იპოვნეს.

45 წლის მამაკაცს ბრალი ცოლის მკვლელობისთვის წაუყენეს. დანაშაულის თანამონაწილეობაში ბრალი წაუყენეს მამაკაცის 72 და 75 წლის მშობლებსაც.ორივე დაკავებულია.

გამოძიების ინფორმაციით, “ცოლის მკვლელობის პროექტი“ გასული წლის ბოლოს დაიწყო.

ოთხი შვილის დედა, რომელთა ასაკი 4–15 წელია, 11 თებერვალს გაუჩინარდა. იმ დილით ქალმა ბავშვები სკოლაში დატოვა და სახლში დაბრუნდა მონფორ–სიურ–მეუში, სადაც ქმართან გაშორების შემდეგ ცხოვრობდა. მას სახლთან ყოფილი ქმარი ელოდებოდა, ბეისბოლის ჯოხი ორჯერ ჩაარტყა, ცხედარი ბინაში შეათრია და იქ მთელი დღით დატოვა, რათა შებინდების შემდეგ ყველა კვალი წაეშალა.

ამის შემდეგ მეგანის ცხედარი ბუაზერვილის ტყეში გადაიტანეს, სადაც ჯერომმა 1 მეტრის სიღრმის ორმო ამოთხარა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ყინავდა და მიწაც გაყინული იყო. მან მსხვერპლი მიწაში დამარხა, მკვლელობის იარაღი კი დაწვა.

პროკურორი ამბობს, რომ ეს კლასიკური ოჯახური მკვლელობაა, თუმცა არსებობს განსხვავებული ასპექტებიც. ეს დანაშაული სპეციფიურია, რადგან ორგანიზებული ბანდის მონაწილეობა იკვეთება.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რა დოზით მონაწილეობდნენ მამაკაცის მშობლები დანაშაულში. მის დამალვაში და ალიბის შექმნაში ეხმარებოდნენ, თუ მათ როლი უფრო დიდი იყო.

ფრანგული მედიის ინფორმაციით გამოძიება უფრო შორს წავიდა. მისი ინფორმაციით ცოლის მკვლელობის განზრახვა მამაკაცს მინიმუმ გასული წლის შემოდგომიდან ჰქონდა. მან 20 000 ევრო გადაუხადა ქართული წარმოშობის მამაკაცებს, რომლებსაც ის სავარაუდოდ საკუთარი მეზობლისგან, 40 წლის ქართველი მამაკაცისგან იცნობდა. იმ დროს ცოლ–ქმარს შორის განქორწინების პროცესი მიმდინარეობდა და ჟერარმა ქართველებს ცოლზე თვალთვალი შეუკვეთა. მკვლელობაში თანამონაწილეობისა და ორგანიზებული ბანდის საქმიანობაში მონაწილეობისთვის ბრალი აქვს წარდგენილი 31  წლის ქართველსაც, რომელიც ქალის თვალთვალს ახორციელებდა.  გამოძიების ინფორმაციით ის ორ თანამემამულესთან ერთად მოგვიანებით ქმარსაც აშანტაჟებდა მისი დანაშაულებრივი ჩანაფიქრის მამხილებელი ჩანაწერით. ისინი კაცისგან 15 000 ევროს ითხოვდნენ. მათ ბრალი ორგანიზებულ გამოძალვაში ედებათ.