საფრთხეა, რომ მეტად დადგეს ეჭვქვეშ სასამართლოს დამოუკიდებლობა – EU მოსამართლეების დანიშვნაზე

ევროკავშირი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.

მათი შეფასებით, “ამგვარი დანიშვნების განხორციელება მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა  (ეუთო/ოდირი)  და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს”.

გარდა ამისა, ევროკავშირის განმარტებით, დანიშვნები დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას  მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

“ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ  ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად  დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან  საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით”,– აცხადებს ევროკავშირი.