საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან – საოკუპაციო რეჟიმი კალაძეს

საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან -აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებს.

“ცნობილია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არის. ასე რომ, საარჩევნო კამპანიისას “საქართველს ტერიტორიულ მთლიანობასა” და სხვა მითიურ ტერმინებზე მცდარი სპეკულაციების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება უნდა დაიწყონ.

აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას, ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული მოკავშირეები არიან. აფხაზურ-რუსული ინტერსახელმწიფოებრივი ურთიერთობები საერთო სარგებლის მომტან ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზეა დაფუძნებული, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას განსაზღვრავს.

რაც შეეხება სამომავლოდ მეზობელ სახელმწიფო საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელია – საქართველომ აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ”, – წერია განცხადებაში.