საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება, რისთვისაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს.

მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარე წლის გეგმაში წერია, რომ უწყებამ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს.

„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც შეინახება გენეტიკური მონაცემები.

ასევე განისაზღვრება დნმ მონაცემების სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული სუბიექტების ჩამონათვალი, ამასთან, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც მან მთავრობისგან მიიღო.

ამასთან, როგორც პარლამენტში გადაგზავნილი მთავრობის გეგმიდან ირკვევა, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას – დაახლოებით 13 მილიონ ლარამდე.