დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. მისი განმარტებით, ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება.
„ბრიფინგის ძირითადი მიზანია, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერუიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 30 წუთში, თუმცა შეიძლაბა იყოს მოგვიანებითი რეაქცია,“- განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხმაურია. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც. ექთნის კომაში ჩავარდნის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.