საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ს კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენის „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩვენებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მისცემენ.

„აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ“, – წერია განცხადებაში.