“დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს. დღევანდელი ქართული ჯარი გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა. იბრძოლა და იმსახურა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის საკუთარ ქვეყანაში, იბრძოლა და იმსახურა საერთაშორისო მისიებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი ძალა.
ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია გავხდეთ მაგალითი სხვებისთვის. საქართველო ნატო-ს პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს მის ღირებულებებსა და უსაფრთხოების პრინციპებს. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნის მონაწილეობა “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.
გრძელდება ბრძოლა, ბრძოლა დასავლური არჩევანისთვის და ღირსეული მომავლისთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისათვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანებმა კვლავ განაგრძონ საქართველოს სამსახურში ყოფნა, მონაწილეობა მიიღონ მომავალი თაობების აღზრდაში. სამშობლოს დაცვის ვალდებულება უწყვეტი თავდადებისა და ერთგულების ვალდებულებაა. საქართველო არასდროს შეწყვეტს სწრაფვას ნატოსკენ, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი.
დასასრულ, სიამაყით აღვნიშნავ, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან და არ შემიძლია არ აღვნიშნო აქ ჩვენი პარტნიორების წვლილი, რომლის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდით თქვენ. დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ამ სამშვიდობო მისიაში, დასრულდება 31 აგვისტოს თვით მისია. არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი ერთიანი ბრძოლა. მე მინდა თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ. გაუმარჯოს ქართულ ჯარს! გაუმარჯოს საქართველოს!“
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების ღონისძიებაზე. მან მხედრული მამაცობისთვის 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.