სენაკში კაცმა სანადირო თოფით 4 ადამიანი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 1964 წელს დაბადებულმა კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფით, 4 ადამიანი დაჭრა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა ოთხ პირს: 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ს, 1992 წელს დაბადებულ ხ.ს.-ს, 1960 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.ნ.-ს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს “,– აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს