სერიული მკვლელის ყოფილი ცოლი მკვლელობებში თანამონაწილეობისთვის გაასამართლეს

სერიული მკვლელის, მიშელ ფურნიეს ყოფილი მეუღლე მონიკ ოლივიე მკვლელობაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს

სერიული მკვლელის ყოფილ მეუღლეს ორ მკვლელობაში და გატაცებაში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

საფრანგეთის სასამართლო 75 წლის მონიკ ოლივიეს საქმეს 3 კვირის განმავლობაში განიხილავდა, ის საფრანგეთში ორი ახალგაზრდა ქალის, 20 წლის ბრიტანელი ჯოანა პერიშის და 18 წლის მარი-ანჯელ დომესის გაუპატიურებასა და მკვლელობაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.

ოლივიეს ასევე დაადანაშაულეს 2003 წელს ცხრა წლის ესტელ მუზინის გატაცებაში დახმარებაში, რომლის ცხედარი დღემდე არ არის ნაპოვნი.ითვლება, რომ ის მიშელ ფურნიემ მოკლა.

მიშელ ფურნიე

თავად მიშელ ფურნირე ორი წლის წინ გარდაიცვალა. ის ფრანგი სერიული მკვლელი იყო, რომელიც იტაცებდა, აუპატიურებდა და კლავდა გოგონებს საფრანგეთსა და ბელგიაში.

ის დააკავეს 2003 წელს, სხვა მსხვერპლის გატაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა 2008 წელს შვიდი გოგონასა და ქალის მკვლელობისთვის 1987-დან 2003 წლამდე პერიოდში.

მისი უმცროსი მსხვერპლი სასჯელის გამოტანისას 12 წლის იყო, ყველაზე უფროსი 22 წლის. 9 წლის ესტელ მუზანის საქმე მაშინ გაირკვა, როცა ფურნირე უკვე ციხეში იყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ფურნირეს ცოლი მონიკ ოლივიე დაეხმარა ქმარს სისასტიკეების ჩადენაში და იმავე 2008 წელს მას ასევე მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.

ბოლო სასამართლო სასამართლო პროცესი აგებულია ბრიტანელი სტუდენტის ჯოანა პერიშის მკვლელობის გარშემო, რომელიც მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლის ასისტენტად პარიზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოსერში. ის 1990 წლის მაისში მოკლეს.

2018 წელს ფურნირემ მკვლელობა აღიარა, 2021 წელს კი ციხეში გარდაიცვალა. მას შემდეგ გამოძიება დანაშაულში ოლივიეს თანამონაწილეობის გარემოებებს იძიებდა.

გოგონამ ადგილობრივ გაზეთში განათავსა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა. მიშელ ფურნირე გამოეხმაურა რეკლამას და ახალგაზრდა მასწავლებელი ქალაქში შესახვედრად მიიწვია.

პერიშის ოჯახის ადვოკატის, სტეფანი პოტიეს თქმით, ჯოანა,თავისდა უნებურად სერიული მკვლელის შემდეგი სამიზნე გახდა, მონიკ ოლივიე კი დანაშაულის თანამონაწილე.

ფურნიეს ფურგონში ქალის ყოფნამ დაარწმუნა გოგონა, რომ მკვლელის მანქანაში ჩაჯდომა საშიში არ იქნებოდა.

„ჯოანა პერიში ცოცხალი დარჩებოდა, მონიკ ოლივიე რომ არ ყოფილიყო იქ მისი გატაცების დღეს“, – ხაზგასმით აღნიშნა პოტიემ. „ოლივიეს წყალობით ეს გატაცებები, გაუპატიურებები და მკვლელობები გახდა შესაძლებელი. ეს იყო მისი ცხოვრების აზრი. ეს იყო ორი სრულყოფილი კრიმინალის ბოროტი ალიანსი, რომლებიც ერთმანეთს ავსებდნენ“.

”თქვენ მას გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანთ, რადგან ის (მონიკ ოლივიე) აღიარებს ყველა ფაქტს და არ გაასაჩივრებს თქვენს გადაწყვეტილებას,” – განუცხადა ოლივიეს ადვოკატმა რიჩარდ დელჟეუნმა ნაფიც მსაჯულებს და თქვა, რომ მისმა კლიენტმა გადაწყვიტა დანაშაული ეღიარებინა.

თავის დასკვნით სიტყვაში მთავარმა პროკურორმა ჰიუ ჟულსმა თქვა, რომ ოლივიე იყო ფურნირეს იდეალური თანამზრახველი.

„ეს წყვილი ალბათ ყველაზე გამოცდილი სერიული მკვლელები არიან ბოლო 50 წლის განმავლობაში საფრანგეთსა და ბელგიაში. გაუპატიურება და მკვლელობა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც სუპერმარკეტში სიარული“, – დაასკვნა მან.

ცოტა ხნით ადრე, სანამ პარიზის ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილების მისაღებად გავიდოდნენ,  რათა განეხილათ მისი როლი დანაშაულებში, ოლივიემ სინანული გამოთქვა და პატიება სთხოვა მსხვერპლთა ოჯახებს.

მან სასამართლოში თქვა: ”მე ვნანობ ყველაფერს, რაც გავაკეთე და ბოდიშს ვუხდი მსხვერპლთა ოჯახებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი,  ეს მიუტევებელია.”

ოლივიეს ერთი სამუდამო პატიმრობა უკვე მიუსაჯეს მისი ყოფილი ქმრის მიერ ჩადენილ წარსულ დანაშაულებში მონაწილეობისთვის. ახლა მას მიესაჯა მეორე უვადო პატიმრობა.