სინოფარმის 100 000 დოზას დონაციით მივიღებთ, 500 000 დოზას ვიყიდით – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს სინოფრამის 100 000 დოზას წითელი ჯვრის დონაციით მიიღებს, 500 000 დოზას კი ქვეყანა შეიძენს.

“გიდასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. წითელი ჯვრიდან მყარი დაპირება არის, რომ საქართველო მათი საშუალებით, დონაციის სახით და არა შესყიდვით, მიიღებს 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას. თუმცა თარიღი არ არის ჯერ დაზუსტებული, როდის იქნება მოწოდება.

რაც შეეხება დანარჩენ 500 000 დოზას, ასევე გიდასტურებთ, რომ დიახ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სინოფარმის ხელმძღვანელობასთან პეკინში ჩვენი საელჩოს საშუალებით და მიღწეულია შეთანხმება, რომ 500 000 დოზას საქართველო იყიდის სინოფარმისგან. ვაქცინა ქვეყანაში ივნისის მეორე ნახევარში შემოვა”,– თქვა გამყრელიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.