სისხლი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის ტანსაცმელზე ჰქონდა, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა – აღნიშნულ ინფორმაციას მენაბდეს ადვოკატი დავით დადიანი ავრცელებს. მისი თქმით გიორგი მენაბდე ზურგის არეში იყო დაჭრილი, რის გამოც მისი ტანსაცმელი სისხლიანი იყო.
“მოწმეები ადასტურებენ, რომ გიორგი მენაბდეს ზურგზე დაზიანება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სისხლი ჩამოდენილი იყო ზურგიდან ქვევით, რის გამოც, დასვრილი იყო, როგორც მაისური, ასევე შარვალი. ეს იყო გიორგი მენაბდის სისხლი. ექსპერტიზის დასკვნებით რა სისხლია და საიდანაა ამოღებული, ეს ცალკე საკითხია. როგორც დღევანდელი გამოკითხვიდან ჩანს, სისხლი, რომელიც მაისურსა და შარვალზე იყო, გიორგი მენაბდეს ეკუთვნოდა. ექსპერტიზა ჯერ არ გამოგვიკვლევია, მოვა ექსპერტი და ამის შემდეგ გახდება მათი აზრი ცნობილი, შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს შემდეგ შევაჯამებთ. ეს მაისური გამოძიებაში თვითონ გიორგი მენაბდემ წარადგინა, გარეცხილი, მაგრამ გარეცხილზეც შეიძლება ამოიღო სისხლის კვალი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს”,- განაცხადა დადიანმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურორ მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ერთად გარეცხეს.
დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ – გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.