ნობელის ფონდმა უკან გაიწვია რუსეთის, ბელორუსის და ირანის ელჩებისთვის სტოკჰოლმში ნობელის პრემიების გადაცემასთან დაკავშირებულ ცერემონიალზე დასასწრებად გაგზავნილი მოსაწვევები.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის გადაწყვეტილებამ ცერემონიაზე მიიწვიოს ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთა დიპლომატიური მისიები წარმოდგენილია შვედეთსა და ნორვეგიაში,საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ფონდი გააკრიტიკეს უკრაინაში. გარდა ამისა, შვედეთში სამი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ ბანკეტს, თუ ამ ქვეყნების ელჩების მიწვევა არ გაუქმდებოდა. მოსაწვევების გაუქმების შესახებ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, შვედეთის სამეფო ოჯახმა განაცხადა, რომ მეფე ჯერ კიდევ ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო მისთვის ღონისძიებაზე დასწრება ასეთ სტუმრებთან ერთად . მიწვევის ფაქტს კი სამეფო ოჯახის განცხადებაში გასაოცარი უწოდეს.
ფონდმა განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა:
“ნობელის ფონდის გადაწყვეტილებამ, მიიწვიოს ყველა ელჩი ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონიალზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი და სწორია, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ფასეულობები და გზავნილები, რომლებსაც ნობელის პრემია იცავს, მაგალითად, როგორც ეს მოხდა შარშან მკაფიო პოლიტიკური გზავნილის საშუალებით მშვიდობის პრემიის მინიჭებისას რუსი და ბელორუსი უფლებადამცველებისთვის, ასევე იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებების დოკუმენტირებით არიან დაკავებული.
თუმცა, ჩვენ ვიაზრებთ შვედეთში გამოწვეულ მძაფრ რეაქციას, რომელმაც ეს გზავნილი დაჩრდილა. ამიტომაც, ნობელის ფონდის მმართველობამ გადაწყვიტა გაიმეოროს შარშანდელი გამონაკლისი დამკვიდრებული პრაქტიკიდან, ანუ არ მიიწვიოს რუსეთის, ბელორუსის და ირანის ელჩები ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონიალზე სტოკჰოლმში. ისევე, როგორც წარსულში, ახლაც ყველა ელჩი იქნება დაპატიჟებული ოსლოში გამართულ ცერემონიალზე. “– ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამი ქვეყნის ელჩების მიწვევის გაუქმების გადაწყვეტილებას ჰუმანიზმის გამარჯვება უწოდა.
გასულ წელს ნობელის ფონდმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელორუსის ელჩებს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო არ მიიწვევდნენ. გასულ წელს მიწვეულთა სიაში არც ირანი იყო.