სოფელ ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ დაიღუპა 4 ადამიანი.

მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი.

„ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო”,- აღნიშნა მღებრიშვილმა.