ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 19:25

სტატუსი არ მოგვცეს, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს – კალაძე

“ქვეყანა დღემდე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდავეთთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, პირველი ვინც ამ სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, საქართველო. ყველანაირი პარამეტრებით შეგვიძლია შევადაროთ, ახლა არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რაღაცას ვაყვედრი, ღმერთმა დამიფაროს, პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინის და უკრაინელების წარმატება, მაგრამ რომ შევხედოთ რეალურად ციფრებით, პარამეტრებით, საქართველო იყო პირველი ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლა, ყველა პარამეტრი რაც არის ვართ მოწინავე, თუმცა ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ, რომ არ უერთდება სანქციებს, არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს საქართველოში და ეს გამოიყენეს და ჰქონდათ სურვილი, რომ რაღაც ერთგვარ ბერკეტად ყოფილიყო ეს ყველაფერი გამოყენებული”,

თქვა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.