“სუდანიდან საქართველოს ყველა მოქალაქე გამოვიყვანეთ” – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს.
“ახლა საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სუდანისა და ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. ველოდებით, რომ მათ უკვე დატოვონ სუდანი და გადავიდნენ ეგვიპტეში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება სამშობლოში, საქართველოში.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საელჩოების, პარტნიორებისა და კომპანიების ჩართულობით, ეს ევაკუაცია განხორციელდა წარმატებით და საქართველოს არცერთი მოქალაქე დღეს სუდანში არ იმყოფება. ამ ქვეყნიდან ყველა უსაფრთხოდ არის გამოყვანილი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.