ტაქსის მძღოლს 25 ლარის პელმენის ქურდობას ედავებიან. მას 1–დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტაქსის მძღოლი ყვება, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, მგზავრმა დალოდება სთხოვა, პელმენი კი მანქანაში დატოვა. იმის გამო, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრი მანქანასთან არ დაბრუნდა, ტაქსის მძღოლმა ტერიტორია დატოვა.
“რომ მივიყვანე დაველოდე დაახლოებით 10 წუთი. დამირეკეს, გამოცხადდიო სამმართველოშიო. მივედი და ეს ძარცვა არისო. არ შემიხედავს საბუთისთვის, ხელი მოვაწერე [აღიარებით ჩვენებას]. იტყვის, პრეტენზია არ მაქვსო, ხელი მოვაწერე და აღმოვჩინდი სასამართლოში”,– ამბობს ტაქსის მძღოლი ტვ პირველთან საუბრისას.
“ამ საქმის აბსურდულობა მდგომარეობს იმაში, რომ ნივთი, რომელის ქურდობასაც ლექსოს ედავებიან, არის 25 ლარის ღირებულების პელმენი გაყინულ მდგომარეობაში. რაც მთავარია, ბრალდებულს არ მოუპარავს, ის არის ტაქსის მძღოლი, კლიენტმა სთხოვა დალოდება, ხოლო მას შემდეგ რაც აღარ დაბრუნდა კლიენტი რამდენიმე წუთის განმავლობაში, გზაზე იყო გაჩერებული და ლექსომ უბრალოდ დატოვა ის ადგილი. რა ქურდობაზეა ამ შემთხვევაში ლაპარაკი, არის 25 ლარი, დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურაში ამგვარი საქმე სხვა არ მიმდინარეობს და ბრალი არავისთვის არ წაუყენებიათ ბოლო დეკადის განმავლობაში”,– ამბობს ადვოკატი.
საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 1–დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.