“ტერორიზმზე ცრუ შეტყობინება უცხოეთიდან შემოვიდა, დახმარებას ვთხოვთ პარტნიორ უწყებებს” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 21 იანვარს შეტყობინებები მიიღეს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. უწყების თქმით, შეტყობინება ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად იყო მითითებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ნომერი.
მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.
“მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ.
მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.
მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.
ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები “გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები.
საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი”, – ნათქვამია განცხადებაში