უარი თქვით ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე – ლელო მთავრობას

“უარი თქვით ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე” – პარტია ”ლელო” საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად, მინისტერიალში მონაწილეობაზე უარი თქვას. ამის შესახებ პარტიის წევრმა, გრიგოლ გეგელიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მაშინ, როცა რუსული ოკუპაციის გამოცდილების მქონე ცივილიზებული სახელმწიფოები მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დარჩიაშვილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო რეპუტაციის სპობას.

ეს ხელისუფლება არც ერთხელ არ ყოფილა კიევში, არც უშუალოდ ომამდე და არც ომის განმავლობაში, მაგრამ კარგად გვახსოვს, როგორ ვახშმობდა პუტინთან ერთად ჩინეთში მყოფი ვიცე პრემიერმინისტრი სულ ცოტა ხნის წინ. დღეს იგივე ხელისუფლება აპირებს, დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი.

კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიბაძონ ჩვენი ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე. ოკუპანტ ლავროვთან ერთად ჯდომა ღირსების შემლახველია”, – განაცხადა გეგელიამ.