უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში ისტორიულ შეთანხმებას.რას გულისხმობს ის და რა ვალდებულებები აიღო დიდმა ბრიტანეთმა

ლონდონი „მუდმივ და ყოვლისმომცველ მხარდაჭერას“ გაუწევს კიევს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

ურაინაში მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ.

შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მომავალში რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სწრაფად და დაუყოვნებლად მიაწვდის აუცილებელ დახმარებას, მათ შორის თანამედროვე იარაღს ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო სივრცეზე აგრესიის მოსაგერიებლად.

“დღეს არის დღე, როდესაც შეიცვალა ევროპის ისტორია. უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმეს ახალი და უპრეცედენტო შეთანხმება უსაფრთხოების შესახებ. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაცია. ეს არის რეალობა, რომელიც დადგება ჩვენი თანამშრომლობის წყალობით და კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების წყალობით დიდი ბრიტანეთის გამოჩენილი გლობალური ძალისგან“, – თქვა  ზელენსკიმ.

რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად ორმხრივი შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და რა ვალდებულებები აიღო საკუთარ თავზე დიდმა ბრიტანეთმა.

შეთანხმება 10 წელზეა გათვლილი და პრაქტიკულლად ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია:

  • თავდაცვა და სამხედრო თანამშრომლობა
  • უსაფრთხოება ზღვაზე
  • თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის სფეროში
  • კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა
  • თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში
  • საინფორმაციო უსაფრთხოება და პროპაგანდასთან ბრძოლა
  • კოოპერაცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
  • პოლიტიკური თანამშრომლობა(აქ მხარეები აღიარებენ, რომ ვერც უკრაინა და ვერც ევროპა ვერ იქნებიან უსაფრთხოდ მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება სრულად აღდგენილი და არ დადგება სამართლიანი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის უფლებებს საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების შესაბამისად).
  • ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი აღდგენა და რეკონსტრუქცია.
  • თანამშრომლობა ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში.
  • რეფორმების გატარება, რომლებიც აუცილებელია უკრაინის კოოპერაციისთვის ევროკავშირთან და ნატოსთან.

შეთანხმება ასევე ცალკე ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას უცხოური შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში.

ამ შემთხვევაში, შეთანხმების ტექსტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი იღებს ვალდებულებას, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს უკრაინის სწრაფი და მუდმივი დახმარება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე იღებს ვალდებულებას მიაწოდოს უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა ყველა სფეროში, ასევე აუცილებელი ეკონომიკური დახმარება.

ეკონომიკური და სხვა ხარჯები აგრესორს დაეკისრება. ბრიტანეთი ასევე პირობას დებს, რომ კონსულტაციებს გამართავს კიევთან მისი საჭიროებების შესახებ, როცა უკრაინა მოახდენს მისი თავდაცვის უფლების რეალიზებას, რომელიც გამყარებულია გაეროს წესდების 51–ე მუხლით.

დიდი ბრიტანეთი გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს შეთანხმებას. ლონდონში მას “ისტორიული” უწოდეს. შეთანხმება ძალაში იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე.

უკრაინაში მყოფმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო.

დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახმარების შესახებ უკრაინისთვის შემდეგ საფინანსო წელს, რომელიც აპრილში დაიწყება.

ეს არის უმსხვილესი მსგავსი ვალდებულება, რომელიც ბრიტანეთმა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აიღო.

პრემიერმა სუნაკიმ ეს განცხადება პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისა და ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მიღწეულზე არ გაჩერდება.

ოფიციალური ინფორმაციით ბრიტანეთის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის დიდი მანძილის რაკეტების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას გულისხმობს.

ამავე პაკეტით განხორციელდება უკრაინისთვის დრონების უდიდესი პარტიის მიწოდება, რომლის ნაწილი ბრიტანეთში იქნება წარმოებული.რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ისტორიაში ყველაზე დიდ დრონების პარტიას გადასცემს.

“ეს იქნება სადაზვერვო, შეტევითი და საზღვაო დრონების ყველაზე დიდი პარტია, რომელიც უკრაინას სხვა სახელმწიფოს მხრიდან ოდესმე მიუღია“– თქვა სუნაკმა.

პაკეტი ასევე შეიცავს 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ჰუმანიტარულ დახმარებას, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და დამატებით დაფინანსებას ინგლისური ენის ონლაინ შესწავლისთვის.

რიში სუნაკს არ აუღია გრძელვადიანი, რამდენიმე წელზე გათვლილი ფინანსური ვალდებულებები, თუმცა, თქვა, რომ მომავალ ფინანსურ წელს ბრიტანეთი დახარჯავს 200 მილიონი ფუნტით მეტს, ვიდე ბოლო ორ წელიწადში, როცა ბრიტანეთის სამხედრო დახმარება ურაინისთვის წელიწადში 2.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

დაუნინგ სთრითი აცხადებს, რომ მხარდაჭერის პაკეტი გახდება პირველი ნაბიჯი ურაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის საუკუნოვანი ურყევი პარტნიორობის გზაზე.

“ხელმოწერილი ხელშეკრულება არის ნათელი სიგნალი პუტინისთვის და სხვებისთვის, რომ ჩვენ აქ დიდი ხნით ვართ. ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში – თქვა სუნაკმა.