უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში წინ წაიწიეს. რას ნიშნავს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი

უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმების წინასწარ 15 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. პუნქტებს შორის არის ცეცხლის შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა, თუ კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება შეიარაღებული ძალების შეზღუდვას, წერს Financial Times მოლაპარაკებებში მონაწილე სამ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, სავარაუდო შეთანხმება, რომელიც რუსმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა პირველად სრული მოცულობით ორშაბათს განიხილეს, გულისხმობს კიევის უარს ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე და პირობას, არ განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზები და შეიარაღება – ისეთი მოკავშირეების მხრიდან დაცვის სანაცვლოდ, როგორებიც არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.

დასავლური უსაფრთხოების გარანტიების ხასიათი და ის, თუ რამდენად მისაღებია ეს გარანტიები მოსკოვისთვის, შეიძლება ნებისმიერი შეთანხმებისთვის დიდი ბარიერი აღმოჩნდეს, ისევე როგორც 2014 წელს რუსეთის მიერ დაპყრობილი უკრაინული ტერიტორიების სტატუსი – წერს გამოცემა.

უკრაინის ხელისუფლება კვლავ სკეპტიკურად ეკიდება იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობა უნდა. უკრაინა შიშობს, რომ რუსემა შეიძლება დროის მოგება სცადოს საკუთარი ძალების გადაჯგუფებისთვის და შეტევის განახლებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა შეიცავდეს პუნქტს რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ 24 თებერვლის შემდეგ დაკავებული ნებისმიერი ტერიტორიიდან.

უკრაინა საკუთარ შეიარაღებულ ძალებს შეინარჩუნებს, თუმცა ვალდებული იქნება ნატოს მსგავსი სამხედრო მოკავშირეების გარეშე დარჩეს და თავი შეიკავოს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებისგან – წერს Financial Times. ასეთი პირობების შესახებ მანამდე განაცხადა რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ, პოდოლიაკმა კი მისი პოზიცია გააკრიტიკა.

მას შემდეგ, რაც მედინსკიმ თქვა, რომ კიევი მოლაპარაკებებზე თანახმაა ავსტრიული ან შვედური დემილიტარიზებული სახელმწიფოს ვარიანტს დათანხმდეს, მიხეილ პოდოლიაკმა თქვა:

“უკრაინა ახლა რუსეთთან პირდაპირი ომის მდგომარეობაშია. ამიტომაც მოდელი მხოლოდ “უკრაინული“ შეიძლება იყოს და მხოლოდ იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიების პირობებში.“

პოდოლიაკის თქმით, ამ მოდელში მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი შემდეგი:

  • უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ქმედითობა (გარანტიის ხელმომწერი მხარეები გვერდზე არ უნდა გადგნენ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც დღეს, არამედ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ კონფლიქტში უკრაინის მხარეს და ოფიციალურად უზრუნველყონ იარაღის საჭირო მოცულობის დაუყოვნებელი მიწოდება).
  • მკაცრი პირდაპირი გარანტიები იმიათვის, რომ უკრაინის ცა კონფლიქტის შემთხვევაში დაიკეტება იმავე “ფრთოსანი რაკეტებისთვის“.

ომის დაწყების დღიდან კიევი უშედეგოდ მოითხოვს დასავლეთისგან ცის ჩაკეტვას უკრაინის ტერიტორიის თავზე, თუმცა დასავლეთი ამ ნაბიჯისგან თავს იკავებს, რადგან შიშობს, რომ ამან შეიძლება უშუალოდ ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი გამოიწვიოს.

პრეზიდენტი ზელენსკი და მისი თანაშემწეები აცხადებდნენ, რომ მზად არიან განიხილონ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. ამჟამად ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩაწერილი მისი ნატოში შესვლის მისწრაფების შესახებ. ამავე დროს, კიევის აზრით, უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის შეძენის შემთხვევაში მისი უსაფრთხოება ერთგვარი გარანტიების სისტემით უნდა იქნას დაცული, რომლის პარამეტრები აქამდე არ დასახელებულა.

მედინსკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა უკრაინული დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა – რადას საპრეზიდენტო ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, დავით არახამიამ:

“ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს მოლაპარაკებებზე – ასეთი იყო მხარეებს შორის შეთანხმება. თუ ეს შეთანხმება აღარ მოქმედებს, ჩვენც ასევე მოვიქცევით.“

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ამ კვირაში დაიწყო და მძიმედ მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ წინა რაუნდებზე უფრო შედეგიანი იქნება.

იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია, ზელენსკის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩიც საუბრობს. ის ამბობს, რომ მოსკოვს შეუძლია უკრაინიდან ჯარების გაყვანისას საკუთარ მოქალაქეებს უთხრას, თითქოს გარკვეულ მიზნებს მიაღწია – უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა და უკრაინა ნატოში არ შედის, რაც ამ მომენტში სიმართლეა. თუმცა, სამაგიეროდ, მისი თქმით არის “კარგი ამბები უკრაინისთვისაც“, რაზეც ამ ეტაპზე არ საუბრობს.