უკრაინელებმა კადიივკაში, რუსების საწყობები დაბომბეს, რომლის შევსებაც წლების განმავლობაში ხდებოდა – 15 ივლისის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 15 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს.

“წუხელ უკრაინელებმა ლუგანსკის რაიონში რუსების სამხედრო ბაზა და საწყობები დაბომბეს კადიივკაში, საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 40 კილომეტრში. წლების განმავლობაში ხდებოდა კადიივკას საწყობების შევსება. უკრაინელებმა კარგად იცოდნენ მის შესახებ ჯერ კიდევ ომამდეც კი. ახლა კი კადიივკაში საწყობებისა და სამხედრო ბაზის დიდი ნაწილი სრულადაა განადგურებული. მოკლულები არიან მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებიც.

– დონეცკის რაიონში რუსები ინტენსიურად ბომბავენ სლავიანსკა და კრამატორსკს. სამხედრო ძალები ცდილობენ შეტევითი ოპერაციის დაწყებას სოლედარისა და სივერსკის მიმართულებით, თუმცა უკრაინელები იტყობინებიან რომ ბოლო რამდენიმე დღეა მეტრიც კი არ დაუკარგავთ. რუსები უკრაინელთა პოზიციებს სინჯავენ. ამასთან, იმის ფონზე, რომ ლუგანსკის ოკუპირებულ რაიონში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკის თავმოყრა ხდება სწორედ ლისიჩანსკიდანაა სავარაუდო შეტევის წამოწყება დონეცკის რაიონზე. თუმცა, ერთი შეხედვით, ბოლო რამდენიმე დღეა შეტევის ინტენსივობამ იკლო.

სინამდვილეში რუსებმა ლუგანსკის რაიონის დასაკავებლად თავისი რესურსების მაქსიმუმი გაიღეს და ახლა შევსების გარეშე ვეღარ აწარმოებენ ფართომასშტაბიან შეტევას. სავარაუდოა, რომ მათი გადაჯგუფებისა და შევსებების შემდეგ დონეცკის რაიონზე შეტევის კიდევ ერთი ფაზა იქნება. ამ პერიოდს უკრაინელებიც ეფექტურად იყენებენ და ძალიან კარგად ემზადებიან საკუთარი პოზიციების დასაცავად. ამ პირობებში რუსებს ძალიან გაუჭირდებათ წინ წაწევა.

– რუსებმა დღეს ქალაქ მიკოლაივში უნივერსიტეტის შენობები დაბომბეს. არიან დაშავებულები და დაღუპულები. სამოქალაქო ობიექტების ამორჩევა შემთხვევითი არაა. მათი მიზანი ქვეყნის სრული განადგურება, მოსახლეობაში პანიკის დათესვა და ტერორის მეშვეობით უკრაინელთა საბრძოლო სულისკვეთების გატეხაა. მაგრამ, ზოგადად მსგავსი მოლოდინი გულუბრყვილობაა – უმეტეს შემთხვევაში, ასეთ დროს წინააღმდეგობის სურვილი ბევრად იზრდება ხოლმე.

– ზაპორიჟიას რაიონში ენერჰორადის ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა საარტილერიო დანადგარები და სარაკეტო კომპლექსები განათავსეს და მდინარე დნეპრის მეორე მხარეს მდებარე ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. უკრაინელები ენერჰორადის ელექტროსადგურს ვერ ბომბავენ. პრაქტიკულად, რუსებმა რადიაციული დაბინძურების საფრთხე საკუთარ საფარად გამოიყენეს და საცეცხლე პოზიციად აქციეს ის, რაც ყველას და ყველაფერს უქმნის საფრთხეს.

– ზაპორიჟიას რაიონში რუსული ავიარეიდის მცდელობა ჩავარდა. უკრაინელებმა ორი რუსული მოიერიშე თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ჩამოგდება მოახერხეს.

– რუსები ინტენსიურად ბომბავენ დნიპროპეტროვსკის რაიონს. მათ ცოტა ხნის წინ დაბომბეს ქალაქი დნიპრო, კრივიი რიჰის შემოგარენი და ხერსონი-დნიპროს გზა.

– უკრაინელები ხერსონში რუსული პოზიციების განადგურებას განაგრძობენ. ამასთან, რაიონის სოფლებში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ და ხალხს აწიოკებენ და აიძულებენ წასვლას, შემდგომ იქაურობას ძარცვავენ და წვავენ. ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი საცეცხლე პოზიციად აქვთ გადაქცეული. გაქცეული ხალხი ფეხით მიემართება სამშვიდობოს მაღალი ტემპერატურის, უწყლობისა და მუდმივი სარაკეტო დაბომბვის პირობებში”- წერს კობერიძე.