უფროსებმა 12 წლის მოზარდები დააჩოქეს, ბოდიში მოახდევინეს და ვიდეო სოც. ქსელში ატვირთეს

ერთ-ერთ რეგიონში უფროსებმა 12 წლის ბავშვები დააჩოქეს და აიძულეს, მათი კლასელისთვის ბოდიში მოეხადათ.

სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში მშობლები ჩაერივნენ.

12 წლის ბიჭები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააჩოქეს და ბოდიში მოახდევინეს იმ მოსწავლისთვის, რომელსაც მანამდე თავად მიაყენეს შეურაცხყოფა. გადაიღეს ვიდეოც და სოციალურ ქსელში ატვირთეს, თუმცა ვიდეო მალევე წაიშალა.

ვიდეოს “ფორმულა” ავრცელებს:

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობას გულისხმობს.

ფორმულას ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, რის შემდეგაც ჩართეს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

“გვატყობინებდნენ, რომ არასრულწლოვნებზე განხორციელდა ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ზრუნვის სააგენტოს მხრიდან მყისიერად მოხდა სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა. ფსიქოლოგმა იმუშავა, როგორც ბავშვებთან ასევე ოჯახის წევრებთან. სოციალურმა მუშაკმა იმუშავა სკოლასთან და მანდატურის სამსახურთან. შეფასდა ბავშვების ფსიქო/ემოციური მდგომარეობა და მუშაობა წარიმართა მიზანმიმართულად. ხაზგასასმელია ისიც, რომ მომხდარი ფაქტის გახსენება ბავშვებისთვის იქნება განმეორებითი ძალადობა და მათი ფსიქიკის დარღვევა”, – აცხადებს სააგენტო.