ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა, რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ჯანგველაძეზე ფიზიკურად მოქმედებას, რადგან მისი ძმა ე.წ. კანონიერი ქურდია.
”ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც გიორგი კაჭკაშივილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიყლი ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ, რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.
ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის “დედ ჰასანის” შვილიშვილი.
ოპერატიული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე “თბილისი ტაუერთან” შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა”. – თქვა რობიკო გოგიაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.
გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა სასტუმრო ამბასადორის დაცვის უფროსიც.
“დამირეკა დაცვის თანამშრომელმა, და მითხრა, რომ სასტუმროს კუთვნილ მანქანას საქარე მინა ჰქონდა დაზიანებული. ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ მოვითხოვეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, მეც დავინტერესდი და ვიდეო/კამერების ჩანაწერების დათვალიერება დავიწყე. კამერებში ჩანს, რომ მანქანის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში ვიღაც პიროვნება ტიციან ტაბიძის სკვერიდან გამოდის. თუ მანქანა გასროლით დაზიანდა, ეს სწორედ აქედან უნდა ყოფილიყო. იმ პიროვნებას სახეზე ქურთუკი აქვს აფარებული და ქუდი ახურავს, ასევე ამ დროს სასტუმროში სწორედ ლევან ჯანგველაძე იმყოფებოდა”. – თქვა მან IPN-ის ცნობით.