ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ფოთში პირველ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა, რომლებიც ხმის მისაცემად მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ ხმა უკვე მიცემული ჰქონდათ.
“ჩვენ დღის განმავლობაში ვხედავთ ძალიან ბევრ დარღვევას. გვაქვს კონკრეტული შემთხვევები როდესაც ამომრჩეველი, რომელიც მივიდა ხმის მისაცემად, მაგალითი არის ფოთში პირველი საარჩევნო უბანი, აღმოაჩინა რომ მას უკვე ხმა ჰქონდათ მიცემული, უკვე ის ადამიანები ხელმოწერილები და დაფიქსირებული იყვნენ იმ სიაში. ასეთი შემთხვევები სხვაგანაც არის როგორც ჩანს და ამას თუ მასიური ხასიათი ექნა, ეს არის სერიოზული პრობლემა”,-განაცხადა კაპანაძემ.
მისივე ინფორმაციით, ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და ხობში, 12-ე სკოლასთან სკოლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორი, ხალხს სოციალური დახმარების მოხსნით აშინებს.
“გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენებას. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გამგებლები, სკოლის დირექტორები, აშკარად უბნის წინ იმ 25 მეტრიანი პერიმეტრის დარღვევით, რომელიც კანონით არის დადგენილი ეწევიან აგიტაციას და რაც მთავარია, ემუქრებიან ამომრჩეველს და ეუბნებიან, რომ მივიდნენ ხმა მისცენ ქართულ ოცნებას, თორემ მათ სოციალურ დახმარებას წაართმევენ.
კონკრეტული მაგალითი ამასთან დაკავშირებით გვაქვს ხობში, 12-ე უბანთან, სადაც სკოლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორი, რომელიც გამგებლის და არის, ხალხს აშინებდა სოციალური დახმარების მოხსნით”,-თქვა კაპანაძემ.